დღეს შობაა და არ მინდა განწყობა გაუფუჭდეთ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს დღესასწაული ძალიან მნიშვნელოვანია.

მაგრამ ეს უნდა ითქვას:

ადამიანს, რომელიც ერის წინამძღოლად მოიაზრება, უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს და აცნობიერებდეს, რამხელა გავლენა აქვს მოსახლეობაზე მის სიტყვებს. ქალების უფლებებს ისე კარგად ვიცავთ რომ კაცებს კიდევ წაქეზება სჭირდებათ? იცის ვინმემ რა ხდება კონკრეტულ ოჯახებში? ეს კაცი კი გამოდის და მოგვიწოდებს, რომ ქალი “ღვთის მცნებების გათვალისწინებით უნდა დაემორჩილოს ქმარს, თუნდაც, რომ ერთი შეხედვით ამის განხორციელება შეუძლებელი იყოს”. მივმართავ იმ ადამიანებს, ვინც ჩემს ამ პოსტზე ბრაზდება – დაფიქრდით იმ ქალებზე, რომლებზეც ძალადობენ.

და კიდევ: გყავთ ნაცნობი, ვისაც შვილი არ უჩნდება? იცით თუ არა რამხელა მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის შვილს? როცა ამ მისთვის პატრიარქის თითოეული სიტყვა მნიშვნელოვანია და ეუბნებიან, რომ სუროგატი დედის მიერ გაჩენილი შვილი უსიყვარულობისთვისა და მარტოობისთვისაა გაწირული. რა ქნას იმ ოჯახმა, ვისაც ასეთი შვილი ჰყავს და ამ ბავშვმა რა ქნას? რატომ ვერ იქნება ეს ოჯახი ბედნიერი, რატომაა ბავშვი უსიყვარულობისთვის, მარტოობისთვის და მიუსაფრობისთვის განწირული? მითხარით ვინმემ რა… დამისაბუთეთ ოღონდ.

მე არ ვარ ჩასაფრებული და ყველაფერს არ ვაკრიტიკებ, არც ის მომწონს, როცა რწმენა ხდება საქილიკო და დასაცინი. ამაზე დავწერე კიდეც. რწმენა სხვაა, ახლა მაგაზე არ ვლაპარაკობ.

რაც შეეხება უმცირესობებს, ეპისტოლედან გამომდინარე, უკვე შეიძლება წარმოვიდგინოტ რა გველის მომავალ 17 მაისს და რა გველის განსხვავებული აზრის გამოხატვისას. ეპისტოლეს მიხედვით, ერთსქესიანი წყვილებისათვის ბავშვის შვილად აყვანის უფლების მინიჭება “ქორწინების მთელ აზრს აუკუღმართებს და ბავშვსაც, ფაქტიურად, ნივთად აქცევს, რომლის ფლობაც ყველას შეუძლია”. მე კიდევ ვფიქრობ, რომ ბავშვი და ზოგადად ადამიანი ამ ეპისტოლემ აქცია ნივთად.

შობას გილოცავთ, დაესწარით მრავალს და ეცადეთ რელიგიის შეხედულებები გაიზიაროთ, ეს უფრო მნიშვნელოვანია.

პ.ს. ბოდიში მათ, ვისთვისაც ეს პოსტი შეურაცხმყოფელია (არ ვიცი რატომ, მაგრამ შეიძლება ასე ჩათვალონ). მაგრამ ვთვლი, რომ ეს ეპისტოლე არ არის უბრალო მოვლენა და მას შესაბამისი შეფასება უნდა მიეცეს, მათ შორის რიგითი მოქალაქეების მხრიდანაც.

Categories: Uncategorized | Tags: , , , , , , | Leave a comment

აზრი

Image

ადამიანების დიდი ნაწილი, მიუხედავად მათი ლიბერალური თუ ჰომოფობიური შეხედულებებისა, კარგი თუ ცუდი განათლებისა, განსხვავებულ აზრს ვერ ეგუება.

არ მიკვირს რომ ჰომოფობისთვის, ქსეონოფობისთვის და ა.შ. რელიგია, ეროვნება, სექსუალური ორიენტაცია გადამწყვეტი ფაქტორია რაღაცებში. მაგრამ მიკვირს, როცა ადამიანი თითქოს ლიბერალურ შეხედულელებს იზიარებს, ამ დროს კი ყველაფერი რელიგიური, თუნდაც ეროვნული, ეზიზღება. მიკვირს, რადგან ლიბერალიზმი მხოლოდ ერთის უფლებების აღიარებას და სხვების უგულებელყოფას არ გულისხმობს.

არა, მე არ ვარ დიდი მორწმუნე და ეკლესიას იმაზე სკეპტიკურად ვუყურებ, ვიდრე ამ პოსტიდან შეიძლება ჩანდეს. ასევე, არ ვარ „ჭეშმარიტი ქართველი“, არც მე მომწონს ბევრი რამე და შევცვლიდი მათ, ამის საშუალება რომ მქონდეს. (პრინციპში, მინიმალურად ვცვლი კიდეც – ვცვლი უკულტურობას, უპასუხისმგებლობას და კანონის უპატივცემულობას თუნდაც იმით, რომ ავტობუსში ბილეთს ვიღებ, შუქნიშანს ველოდები, მიწისქვეშა გადასასვლელით ვსარგებლობ და ა.შ. თუმცა ეს ძალიან მცირედია…).

მაგრამ ის, რომ მე ნაკლებად რელიგიური ვარ, არ უნდა იყოს უფრო მეტად რელიგიურ ადამიანებზე თუნდაც ფსიქოლოგიური ზეწოლის საფუძველი. იმის გამო, რომ ბევრი მღვდელი კაცმა არ იცის რას აკეთებს, ზოგადად რელიგიაზე და მორწმუნეებზე რატომ უნდა ვიქილიკო არ მესმის (ოღონდ აქ მცირედი ჩაზუსტება – ერთია მორწმუნე და მეორეა ადამიანი, რომლისთვისაც რელიგია ყველაფერია, რელიგიის გარდა. სასაცილოა (სატირალი რომ არ იყოს) სექსი მოძღვარის ნებართვით, მაგრამ არაა სასაცილო ღმერთის გჯეროდეს და გწამდეს).

ლიბერალი ხარ მხოლოდ უმცირესობების უფლებებს თუ აღიარებ და უმრავლესობას „ჩაგრავ“? ჩვენთან ძალიან ცუდი მდგომარეობაა უმცირესობების კუთხით, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მე, ჩვეულებრივმა მოქალაქემ, უმრავლესობის წარმომადგენლების ინტერესები უნდა შევლახო? მაშინ რით განვსხვავდები ჩვეულებრივი ჰომოფობისგან, ქსენოფობისგან და ა.შ.? იმათაც ადამიანების ერთი კონკრეტული ჯგუფი არ მოსწონთ, თორემ დანარჩენის სიყვარულზე იფიცებიან.

რომელ ლიბერალობაზე მელაპარაკები, როცა ადამიანს იმის გამო დასცინი, რომ ღმერთის სწამს ან არ სწამს? მე მითხრეს ერთხელ – რანაირი ქრისტიანი ხარ, ეკლესიაშიც არ დადიხარო. მიუხედავად იმისა, რომ რწმენა ჩემთვის არ არის სენსიტიური თემა, მაინც მეწყინა. მეწყინა იმიტომ, რომ ეს ჩემი პირადია და არავის საქმე არაა. ხოდა, ლიბერალობაზე სანამ დავდებთ თავს, იქნებ გავაცნობიეროთ რომ ადამიანს აქვს პირადი ცხოვრება და თვითონ მიხედავს, მას აქვს ამის უფლება.

ამ ქვეყანაში ცოტას  მაინც მოეკითხება ჭკუა რაღაცებზე და საწყენია, როცა ეს ნაწილიც ვერ ეგუება განსხვავებულ აზრს.

ეს ჩემი აზრია, შეიძლება ვიღაცისგან განსხვავებული, ეს პოსტი კი ჩემი ამ აზრის მართებულობის ერთგვარი ტესტი.

P.S. ეს პოსტი არანაირ კავშირში არ არის მამა გაბრიელის საფლავის გარშემო ატეხილ ამბავთან და არ ეძღვნება ამ თემას, უბრალოდ დაემთხვა.

Categories: აზრი | Tags: , , , , , , , , , | 1 Comment

“არაჩვეულებრივი” ქველმოქმედება

მეწყინა, რომ „იდენტობა“ თავშესაფარს აღარ ხსნის. მწყინს რომ ქვეყანაში ისეთი ელემენტარული რაღაცები ხდება საკამათო, რაზეც ნორმალური ადამიანები არ კამათობენ. ვერ ვეკამეთები იმ ადამიანებს, ვინც თვლის, რომ „იდენტობას“ ეს თავშესაფარი არ უნდა გაეხსნა. ვერ ვხვდები რა ვუთხრა, საიდან დავიწყო და საერთოდ რაზე ველაპარაკო. მწყინს რომ ეკლესია ყველაფერში ეჩრება და მწყინს, მოსახლეობის უმრავლესობას ეს ნორმალურად და სასურველად რომ მიაჩნია.

ასევე მწყინს ყველაფრის დაბრალება ჟურნალისტებზე. არსებობენ კარგი და ცუდი ჟურნალისტები (მე არც ერთს არ მივაკუთვნებ თავს ჯერ და არც მეორეს), მაგრამ არ შეიძლება ყველა იყოს კარგი ან ყველა ცუდი. არ შეიძლება გაშუქებას ან არ გაშუქებას დააბრალო ყველაფერი, როცა არ ეხმარები ჟურნალისტს მეორე მხარე წარმოაჩინოს.

„იდენტობის“ ხელმძღვანელის, ირაკლი ვაჭარაძის პრეტენზიას, რომ თავშესაფრის ამბავი არ შუქდებოდა სანამ საპატრიარქო არ გამოხტა, ვერ მივიღებ. მიზეზები:

  1. „იდენტობას“ აქვს ჩემი და იმ მედია ორგანიზაციის საკონტაქტო ინფორმაცია, რომელსაც მე წარმოვადგენ. არც ერთი ზარი, მეილი, მესიჯი არ მოსულა „იდენტობისგან“ აქციასთან დაკავშირებით. თუ არ გაგვაგებინებთ, ვერ გავაშუქებთ.
  2. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, კონკრეტული ამბის გაშუქებას წყვეტს პროდიუსერი ან რედაქტორი და არა ჟურნალისტი. ამასთან, როცა ვიღაცა ამბობს იმას, რაც უკანონოა და ედავება ვინმეს კანონიერი უფლების განხორციელებაში, ეს გასაშუქებელია და თემაა, იმიტომ რომ გამოჩნდეს იმ „ვიღაცის“ სურვილების და მოთხოვნების აბსურდულობა და ხალხმა გაიგოს სიმართლე და არა ის, რასაც ის „ვიღაცა“ ქადაგებს. ხალხმა სიმართლე რომ გაიგოს, „იდენტობის“ ხელმძღვანელს არ უნდა უკვირდეს რატომ ეკითხებიან ჟურნალისტები ამ კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით (რომ არ ჰკითხონ, მერე იქნება პრეტენზიები რომ დაუბალანსებელია მასალა და ა.შ.), უნდა ეცადოს დაეხმაროს ჟურნალისტებს რეალობის წარმოჩენაში.
  3. მე ვფიქრობ რომ ირაკლი ვაჭარაძეს უნდა ესმოდეს რამდენად მნიშვნელოვანია მისი ესა თუ ის განცხადება. მაგალითად, 17 მაისის შემდეგ, როცა “ფეისბუქზე” დაპოსტა  იმის შესახებ, რომ შექმნილ სიტუაციაში საუკეთესო გამოსავალი სამოქალაქო-საგანმანათლებლო საქმიანობაა და მე კომენტარზე დავურეკე, მითხრა რომ ფბ პოსტებზე კომენტარებს არ აკეთებს. საბოლოოდ კომენტარი გაკეთდა, მაგრამ ჩემი აზრით ირაკლის უნდა ესმოდეს (მით უმეტეს 17 მაისის მოვლენების მერე), რომ მისი მოსაზრება მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხზე თუნდაც ფბ პოსტი გაშუქდება და ადეკვატური რეაქცია ჰქონდეს. რომ ის ერთ–ერთი იმათგანია, ვისაც შეუძლია ხალხს დაანახოს ის, რაც არის და არა ის, რაც ჩანს ქადაგების შემდეგ.
  4. მე არ ვამბობ რომ ჟურნალისტები შეცდომებს არ უშვებენ. უშვებენ და თან ძალიან ბევრს. ჟურნალისტიც ადამიანია და შეცდომისგან არაა დაზღვეული, როგორც სხვა ადამიანები. არის შემთხვევები, როცა „შეცდომა“ მიზანმიმართულად ხდება. მაგალითად, ჟურნალისტის ფრაზა „თავშესაფარს ის ორგანიზაცია ხსნის, რომელიც 17 მაისის აქციის ორგანიზატორი იყო“ მიზანმიმართული მგონია. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყველა ჟურნალისტი ასე იქცევა და სპეციალურად ახდენს რაღაცების პროვოცირებას.

ძალიან მინდა არ ვკამათობდეთ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე. ხანდახან ისიც მინდა იმ ადამიანებს დავესხა თავს, ვისაც ჰგონია რომ „გეიებს“ ქუჩაში გამოსვლის უფლება არ აქვთ, რომ „იდენტობამ“ უსახლკაროთა თავშესაფარი არ უნდა გააკეთოს, იმიტომ რომ იქ „დაზიანებული ადამიანები“ არიან, რომ ჰომოსექსუალობა დაავადებაა და გადამდებია, რომ „გეიების“ პროპაგანდა ხდება და არ უნდა ხდებოდეს და ა.შ. – მაგრამ მერე ვხვდები, რომ ასე არაფერი გამოვა, რომ განათლებით და მშვიდობიანად უნდა ვეცადოთ მოვაგვაროთ ეს (ჩემი აზრით) უდიდესი პრობლემა, რომ ყველამ, ვინც რამე ვიცით, ცოტა მაინც, ჩვენი წილი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის განვითარებაში. მართლა ძალიან მინდა საერთოდ არ გავაშუქო ის ტიპი, ვინც მეუბნება, რომ თავშესაფარი თუ გაიხსნება, ისეთი ამბავი ატყდება, „17 მაისი მონაგონი იქნება“. მაგრამ ასე გამოვა რომ მე, მედიის წარმომადგენელი კონკრეტულ ვიღაცას ვბლოკავ. ხალხს აქვს უფლება გაიგოს სხვადასხვა პოზიცია. ხოდა როცა ის მხარე, რომელიც კარგად აზროვნებს და უნდა ესმოდეს მისი კომენტარის მნიშვნელობა, აპროტესტებს კითხვას ამ საკითხზე, რბილად რომ ვთქვათ – მწყინს.

არაფერი პირადული, უბრალოდ მინდა ყველამ გავაცნობიეროთ რომ რაღაც როლი ყველას გვაკისრია და ვეცადოთ როგორმე ვუშველოთ ამ ქვეყანას. ან წავიდეთ აქედან. ყოველ შემთხევავაში მე, თუ დიდხანს არაფერი შეიცვლება, აქ აღარაფერი მესაქმება გარდა რამდენიმე ადამიანისა, რომლებთან კონტაქტი საზღვრებს იქედანაც შემიძლია.

Categories: Uncategorized | Tags: , , , , , , | 3 Comments

მენეჯმენტი ქართულად

Imageერთი ძალიან გულუბრყვილო კითხვა მაქვს – როცა რაღაც არასწორად ხდება ორგანიზაციაში და ამაზე ხმამაღლა საუბრობ ხელმძღვანელობასთან, რატომ გადმოდიან შეტევაზე იმის ნაცვლად, რომ პრობლემის მოგვარებაზე იფიქრონ.

როცა ნახევარზე მეტი თანამშრომელი სამსახურიდან გარბის, სხვა ალტერნატიულ სამსახურში ან სულაც სახლში, რატომ არ ფიქრობენ რომ რაღაც ისე ვერ არის?
გაგრძელება

Categories: ჟურნალისტიკა | Tags: , , , , | Leave a comment

სიბნელე

!დედაჩემი ქრისტიანია, მამაჩემი კი აჭარის მოსახლეობის იმ ნაწილს მიეკუთვნება, ვინც ვერც გამუსულმანება მოასწრო და ვერც გაქრისტიანება. ღმერთის სწამს, მარა არ იცის რომელი სარწმუნოების გავლით.

ღმერთის მეც მწამს, ქრისტიანიც ვარ. 13-15 წლის ასაკში მოვინათლე, საკუთარი სურვილით.

მიუხედავად ამისა, ეკლესიის გაკრიტიკების არ მეშინია. ვთვლი, რომ ეკლესია ჩვეულებრივი ინსტიტუტია, რომელიც ჩემი ფულით ფინანსდება და ისევე უნდა ვაკონტროლო, როგორც სხვა, ჩემი ფულით დაფინანსებული ინსტიტუტები.

ჩემი რწმენა ჩემია და ეს მხოლოდ მე მეხება. ისევე, როგორც სხვა პირადი რაღაცები, მათ შორის ორიენტაცია და ა.შ.

ყველაზე მეტად რა მწყინს იცი? როცა ვუყურებ ადამიანს, წესით ნორმალურს და ისეთ რამეს იტყვის, რომ გულში რაღაც მწყდება…

თითქოს შევეგუე კიდეც, რომ ჩვენს თაობაში არის განათლების პრობლემა და ეს ყველაფერი აქედან გამომდინარეობს. მარა იმ დღეს 15 წლის ბავშვებიც მისდევდნენ აქციის მონაწილეს…

შევთანხმდეთ, გვინდა თუ არ გვინდა, ეკლესიას ჩვენს ქვეყანაში დიდი გავლენა აქვს. ხოდა, ამიხსნას ვინმემ, რატომ ვერ აცნობიერებს ეს ეკლესია თავის პასუხისმგებლობას?! რატომ მოუწოდებს დაბრმავებულ ადამიანებს ძალადობისკენ?

და რატომ არ იცის პოლიციამ რომ როცა წესრიგის დაცვა ევალება, უნდა დაიცვას და ანაფორიან კაცს, იმიტომ რომ ანაფორიანია, გზა არ უნდა დაუთმოს.

არ ვამბობ რომ იმ დღეს პოლიციამ ცუდად იმოქმედა, არც საწინააღმდეგოს ვამტკიცებ. მე ვნახე, რომ პოლიცია ცდილობდა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას, მარა ისიც ვნახე, რომ კორიდორი ანაფორიანმა კაცმა ყოველგვარი ძალის გამოყენების გარეშე გააღვია, პოლიციას წინააღმდეგობაც არ გაუწევია.

ხოდა, სანამ პოლიცია არ გააცნობიერებს მის მოვალეობას და იმას, რომ ღმერთიც რომ მივიდეს მასთან, მაინც საკუთარი მოვალეობა უნდა შეასრულოს; სანამ კონსტიტუცია ფარატინა ქაღალდია და ქვეცნობიერად მაინც გვგონია, რომ ვიღაცებს აქვთ გამოხატვის თავისუფლება, ვიღაცებს კი არა; სანამ ჩვენ გვგონია რომ განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია დაავადებაა და გადამდებია; სადან გვგონია, რომ იმ აქციაზე მხოლოდ “გეიები” იყვნენ; სანამ ჩემი თანამშრომლის ინტერესს წარმოადგენს სამსახურიდან მეგობარ ბიჭთან ერთად გასული შემთხვევით მასთან სახლში ხომ არ ავდივარ; სანამ ჩემი პირადი ცხოვრება ყველასია ჩემ გარდა; სანამ რწმენა დასაცინია, ორიენტაცია კი დასაგმობი; სანამ პატრულს “პიდარასტების დამცველს” ეძახიან და აზრზე არ არიან რომ პოლიცია ყველას უნდა იცავდეს; სანამ მიმტკიცებენ, რომ 17 მაისის აქცია იყო ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა და სახელმწიფოს უნდა აეკრძალა, მანამდე არაფერი გვეშველება.

ის ლაწირაკები, აქციის დღეს სამშობლოზე რომ დებდნენ თავს და მშვიდობიან მოქალაქეებს ემუქრებოდნენ, ხვალ მამიკოს ჯიბით გადაივადებენ ჯარს. დღეს აქციაზე გამოდიან და ხალხს ურტყამენ. ის ლაწირაკი მოძალადეა და დასაჯელი. დასასჯელები არიან ანაფორიანი კაცებიც და მანახოს ეკლესიამ ერთი დასჯილი მაინც (შსს-მ თავისთავად). ამიხსნას საპატრიარქომ რატომ იყენებს ჩემს თანხას იმ ანაფორიანი კაცების მოვლა-პატრონობა-ჯიპებში, რომლებიც მშვიდობიანი აქციის მონაწილეებს ფიზიკურად უსწორდებოდნენ.

თავგამოდებული პატრიოტი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი რომ გული არ შემტკივა რაღაცებზე. საქართველოდან წასვლა არასდროს მდომებია, არც ქართველობა მესირცხვილებოდა. აქციის დღეს პირველად გავიფიქრე რა კაი იქნებოდა აქ არ ვცხოვრობდე მეთქი, პირველად შემრცხვა რომ იმ ქვეყანაში ვცხოვრობ, სადაც ეს ბნელი ბრბო. მარა მივხვდი რომ გაქცევით საქმეს არ ეშველება. უბრალოდ, ყველამ უნდა ვაკეთოთ ჩვენი საქმე და მოვითხოვოთ, რომ ამ ქვეყანაში აღარ იყოს განათლების პრობლემა. განათლებაა ყველაფრის თავი და თავი… სანამ ასეთი ბნელები ვიქნებით, მანამ გამოგვიყენებენ იარაღად და მანამ ვიქნებით ბრბო, რომელიც ადამიანის მოსაკლავად ლოცვა-ლოცვით გარბის. ალილუა!!!

Categories: Uncategorized | Tags: , , , , , | Leave a comment

„სექურითი, ვან სთეფ ბექ!“

გუშინ დამესიზმრა ივანიშვილის რეზიდენციასთან “ვყარაულობ” სხვა ჟურნალისტებთან ერთად. არავინ არაფერს ამბობს. მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა კომენტარი და ვფიქრობ – ისევ იგივეს ლაპარაკობს თუ ღირს ნიუსის დაწერა.

. . .

ლოგიკური კითხვა – რატომ იყინება თითქმის ყველა მედია საშუალების ჟურნალისტი „ქართული ოცნების“ ოფისთან და ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთან ყოველ დღე, უკვე ერთ კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში?

პასუხი დაახლოებით ასე ჟღერს – ვაითუ ვინმემ რამე თქვას და „ის“ რომ გააშუქებს „ჩვენ“ გამოგვრჩება.

ნათქვამი „რამე“ ძირითად შემთხვევაში არის რომელიმე ლიდერის მიერ „გადმოგდებული“ ზოგადი კომენტარი მიმდინარე კონსულტაციებთან დაკავშირებით (ვინც არ იცის, ივანიშვილის გუნდში მთავრობის დაკომპლექტებასთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით მიმდინარეობს კონსულტაციები).

ხოდა, ჟურნალისტები თითქმის ყველა მედია საშუალებიდან დილიდან საღამომდე ველოდებით ამ „რამეს“.

და როცა „რამეს“ წყარო, ანუ კოალიციის რომელიმე ლიდერი გარეთ გამოდის, მაშინ იწყება ჟურნალისტების „მუშაობა“.

დაკვირვებული კი არა, დაუკვირვებელი თვალიც კი აქ მარტივად შენიშნავს – კოალიციის რომელიმე ლიდერის მანქანის ფანჯარაში გაჭედილ თავებს (მეტწილად ჟურნალისტების ან მიკროფონების), „კაპოტზე“ შემომსხდარ ოპერატორებს (აბა „ის“ იღებს კადრებს და „ჩვენ“ ხომ არ გამოგვრჩება), კონსულტაციების დაბნეულ მონაწილეს, ერთმანეთზე შემომსხდარ ჟურნალისტებს და ა.შ.

თუ მოხდა საოცრება და რომელიმე ჟურნალისტმა კონსულტაციებში მონაწილე სავარაუდო რესპოდენტს თხოვა მანქანიდან ჩამოსვლა, მაშინ იწყება მუხლების გადაყვლეფა და ოპერატორების ღრიალი.

ოპერატორები ლაზღანდარობენ, ყვირიან, იგინებიან, ჟურნალისტებს ეძახიან… ეს ყველაფერი ესმის სავარაუდო რესპოდენტს, რომელმაც სავარაუდოდ დალაგებულად უნდა თქვას „რამე“.

ხშირად კი არის სიტუაციები, როდესაც იცი ვინც უნდა მოგცეს კომენტარი, იცი ზუსტად სად უნდა დადგეს და კამერის გასწორების დროც გაქვს და საშუალებაც. გგონია რომ იდეალურადაა ყველაფერი, ოპერატორები შტატივებზე დაამაგრებენ კამერებს და თავში მძიმე საგნის მოხვედრის შანსიც თითქოს იკლებს…

მაგრამ…

მაგრამ რაღაც უცნობი მიზეზის გამო უცებ ყველა ოპერატორი ხსნის კამერას შტატივიდან, გამორბის რესპოდენტისკენ და იწყება ჩოჩქოლი და შეძახიელბი – „მიკროფონები ჩაწიეთ!“, „თავი!“, „ფოტო!“, „სექურითი, ვან სთეფ ბექ!“ (აუცილებლად ქართული აქცენტით – ცნობისთვის, ეს ფრაზა ივანიშვილის დაცვას ეხება, რომლის თავი ლამის იმაზე უფრო ხშირად ჩანს კადრში, ვიდრე ივანიშვილის) და ა.შ.

ამ ყველაფრის შედეგად კადრი არ უვარგა დიდ უმრავლესობას, მცირე დაზიანება აქვს მიღებული ჟურნალისტების 90%-ს და რესპოდენტებიც კიდევ ერთხელ რწმუნდებიან, რომ ქართველი ჟურნალისტები ვართ უვიცები, შტერები, გაუნათლებლები და ა.შ.

ყველა ასეთი შემთხვევის შემდეგ ჟურნალისტები ვთანხმდებით, რომ შემდეგში ასე არ მოვიქცევით. მაგრამ პირველი ის გარბის, ვინც ყველაზე მეტად აპროტესტებს ამ ფაქტს…

ხოდა, იმას ვამბობდი, რომ დამესიზმრა ივანიშვილის რეზიდენციასთან “ვყარაულობ” სხვა ჟურნალისტებთან ერთად. არავინ არაფერს ამბობს. მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა ამირან გამყრელიძემ გააკეთა კომენტარი და ვფიქრობ – ისევ იგივეს ლაპარაკობს თუ ღირს ნიუსის დაწერა.

როცა დროის უმეტეს ნაწილს სამსახურში ატარებ, სულ არაა გასაკვირი რომ ასეთი სიზმარი ნახო.

არც ისე მარტივია ჟურნალისტიკაში მუშაობა, როგორც პროფესიის არჩევისას ჩანს და არ შეიძლება ადამიანებივით ვიმუშაოთ? მით უმეტეს, რომ ჟურნალისტები ძირითადად ერთმანეთზე ვართ ხოლმე დამოკიდებულები. თუ კადრი ან მასალა „იმას“ ექნება და „ჩვენ“ არა, ხელმძღვანელობა ამას აუცილებლად გააპროტესტებს. და როცა „ის“ მანქანის ფანჯარაში ხტება კადრისთვის, იძულებული ვარ „მეც“ ასე მოვიქცე…

პ.ს. ვიდეოები თვალსაჩინოებისთვის…

Categories: ჟურნალისტიკა, როგორ მუშაობენ ჟურნალისტები | Tags: , | Leave a comment

ქალიშვილობადაკარგვის დღე

იდეა მაქვს – გამოვაცხადოდ ერთი დღე ქალიშვილობის დაკარგვის დღედ. ყოველ წელს, ამ დღეს, გამოემშვიდობოს გოგონების ნაწილი ამ სანუკვარ „უბიწოებას“.

მოვაწყოთ მასობრივი ქალიშვილობის დაკარგვის დღე და აღარ იქნება სირცხვილი რომ ვიღაცას ვიღაცასთან სექსი აქვს (ქორწინების გარეშე!).

წარმოიდგინეთ რამდენი რამე შეიცვლება უკეთესობისკენ – არ დაიხარჯება ფული მეძავებში, არ დავირუსდება კომპიუტერები, არ დაიხარჯება ფული კუზანოვთან ვიზიტისთვის, შემცირდება აბორტების რაოდენობა, ოჯახები არ შეიქმნება ერთი ღამის გამო, ადამიანებს ამ ქვეყანაშიც ექნებათ პირადი ცხოვრება, შემცირდება გაუპატიურებების რიცხვი და გაუპატიურებისთვის დამნაშავე დაისჯება, გაუპატიურებულ ქალს კი არ მიაძახებენ რომ „ავარდნილია“.

სანამ სხვის ქალიშვილობაზე ვიმსჯელებთ, სანამ პოლიცია გაუპატიურებულ გოგოს „ავარდნილობაში“ დაადანაშაულებს, სანამ სოფელი გადაწყვეტს ვინმეს ბედს და არა კანონი, სანამ ქალიშვილობის აღდგენა ყველაზე ხშირი პლასტიკური ოპერაცია იქნება, სანამ მშობლები გადაწყვეტენ შვილის გათხოვების საკითხს და ა.შ. (ჩამონათვალი უსასრულობამდე შეიძლება გაგრძელდეს) – მანამ არაფერი გვეშველება.

ხოდა, მოვაწყოთ ბატონო მასობრივი ქალიშვილობადაკარგვის დღე!

Categories: Uncategorized | Tags: , , , , , | 53 Comments

ჟურნალისტები მუხლებზე

რამდენიმე თვის წინ მეც მოვინათლე – პირველად ვიდექი მუხლებზე რესპოდენტის წინ.

დიპლომატიური კორპუსი ხვდებოდა ერთ-ერთ პოლიტიკურ სუბიექტს და შეხვედრიდან გამოსული ჯონ ბასი „დავიჭირეთ“. ჟურნალისტი ბევრი იყო, დრო კი ცოტა. არც კამერების გასწორება მოხერხდებოდა და მით უმეტეს ჟურნალისტების კომფორტულად დგომა.

კადრი (ტელევიზიისთვის) წმინდაა, ამიტომ ჟურნალისტის თავს, ხელს, ფეხს და ა.შ. ვერ იტანს. ყველაზე სწრაფი და მარტივი გამოსავალი ამ დროს მუხლებზე დგომაა.

მიუხედავად იმისა, რომ შიშველი მუხლებით (შორტი მეცვა „საბედნიეროდ“) გახურებულ ასფალტზე ვიდექი, ცოტა ხანში ტკივილს ვეღარც ვგრძნობდი. მაგრამ თითქოს მსუბუქი დიქტოფონი დამძიმდა და ერთ ხელს მეორეთი ვიჭერდი. თუმცა ჩემზე უარესად იყო ერთ-ერთი არხის ჟურნალისტი, რომელსაც იმდენად დაეღალა ხელი, მიკროფონს ვეღარ იჭერდა. ეს ის შემთხვევაა, როცა ერთი, შედარებით უფრო კარგად მყოფი ჟურნალისტი ართმევს მიკროფონს მეორეს და თვითონ დგას ორი არხის (თუნდაც ერთდროულად „რუსთავი 2-ის“ და „მაესტროს“) მიკროფონით. ამ დროს შეუძლებელია თუნდაც წამით იფიქრო ოდნავ გასწორება, წამოდგომა ან რამე მსგავსი, რადგან ერთმა მოძრაობამაც კი შეიძლება დაშალოს ჟურნალისტების მთელი ეს კონსტრუქცია და ერთი ადამიანის დაუდევრობის გამო ყველას გაუფუჭდეს მასალა. ამიტომ, ჟურნალისტები დაღლილობისგან აკანკალებული მიკროფონიანი ხელებით, დამწვარი მუხლებით თუ მზისგან მოჭუტული თვალებით, დგანან მუხლებზე რესპოდენტის წინ და მიაქვთ ტელევიზიებში მასალა, რომლის შედეგად სხვა ადამიანები ობიექტურ თუ სუბიექტურ, მიკერძოებულ თუ მიუკერძოებელ ინფორმაციას იღებენ.

ამ ადამიანების ერთი ნაწილი კი პოულობს მსგავსი შემთხვევების ამსახველ ფოტოებს, ავრცელებს სოციალურ ქსელში და ხუმრობს. ხუმრობს იმაზე, რომ ჟურნალისტი ვიღაცის წინ მუხლებზე დგას, რომ რამდენიმე მიკროფონი უჭირავს ხელში…

ასეა თუ ისე, ერთი რამ ცხადია – არც ერთ ჟურნალისტს არ ეხალისება მუხლებზე დგომა მიკროფონით ხელში, და არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება რესპოდენტი – უგულავა, ივანიშვილი თუ ვინმე სხვა „წონიანი“ და ისეთი „დასაფასებელი“, რომ მთელი ჟურნალისტური კორპუსი მის წინ მუხლებზე იდგეს.

Categories: ჟურნალისტიკა, როგორ მუშაობენ ჟურნალისტები | Tags: , , | Leave a comment

მისი უდიდებულესობა – მიკროფონი!

მიკროფონები

იმაზე, თუ როგორ მუშაობენ (ან ვმუშაობთ) ჟურნალისტები, დიდი ხანია მინდა დაწერა. ოღონდ ერთ პოსტში ნამდვილად არ ჩაეტევა ყველაფერი ის, რაც შეიძლება ნახო ნიუსზე მუშაობისას.

არც ვაპირებ ერთ პოსტში ამის მოყოლას. აქამდე ვფიქრობდი საიდან დამეწყო და ვერ მომეფიქრებინა. გუშინდელმა შემთხვევამ კი სპონტანურად მიმაღებინა გადაწყვეტილება.

ხოდა, დღეს დავწერ ჟურნალისტების მუშაობის ერთ-ერთ აუცილებელ ატრიბუტზე. მაშ ასე, გაიცანით – მისი აღმატებულება მიკროფონი!

მიკროფონს ჟურნალისტიკაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, იმაზე დიდი, ვიდრე უბრალოდ ხმის ჩაწერაა.

მიკროფონი არის ჟურნალისტის იდენტიფიცირება, საშვი, კომენტარის მიღების ან არ მიღების გარანტი, გასართობიც და ჩხუბის მიზეზიც.

მიკროფონის ადგილმდებარეობას პრესკონფერენციისას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ეს მნიშვნელოვანია კადრებისთვის და არა ხმისთვის. შესაძლოა სულაც არ იყოს ჩართული მიკროფონი და ისე იდოს “თავის ადგილას”. ხო, ყველა მიკროფონს თავისი ადგილი აქვს, რადგან ცენტრში ყოველთვის “რუსთავი 2-ის”, “იმედის” და ა.შ. მიკროფონები უნდა იყოს. ეს დაუწერელი, მაგრამ უკვე ოქროს წესია.

პრობლემა კი ისაა, რომ სხვა ჟურნალისტები პროტესტს არ გამოთქვამენ და ამას იღებენ როგორც ნორმას.

ზუსტად ერთ-ერთ ასეთ მაგალითზე მინდა დავწერო.

ერთ-ერთ პრეს-კლუბში, ერთ-ერთი პარტიის თავმჯდომარის პრესკონფერენციაზე, ერთ-ერთი ახალი არხის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა გაბედა და თავისი არხის მიკროფონი ერთ-ერთი ნაციონალური არხისა და ერთ-ერთი ნაციონალური რადიოს მიკროფონებს შორის მოათავსა. და მისი ეს ყოვლად ამორალური ქმედება მოხდა მაშინ, როცა ამ ერთ-ერთი რადიოს ერთ-ერთი ჟურნალისტი გასული იყო.

როგორც კი შემოვიდა, პირველ რიგში იმ ერთ-ერთი ახალი არხის უგვანი ჟურნალისტი მოიკითხა, ვინც გაბედა და მიკროფონი ჩააკვეხა. იმ გოგომ საიდანღაც უპასუხა, მე ვარ და მე დავდე მიკროფონიო. მერე ვერ ხედავდი ჩემი მიკროფონი რომ იყოო? ამან თავი იმართლა – გასული იყავი და იმიტომ არ გკითხეო. რადიოს სანაქებო ჟურნალისტმა კი ამაყად მიუგო – გამოსულიყავი და გეკითხაო.

ერთ-ერთი ახალი არხის ერთ-ერთი ჟურნალისტი გაჩუმდა.

რადიოს სანაქებო ჟურნალისტი ამაყადვე დაჯდა სკამზე, სადაც თურმე ადგილი ჰქონდა დაჯავშნული და სადაც კიდევ ერთი ახალბედა ჟურნალისტი იჯდა უტიფრად!

აბა როგორ შეიძლებოდა ის სკამი დაეთმო, როცა გვერდით მჯდომ ერთ-ერთი ნაციონალური არხის ერთ-ერთ ჟურნალისტთან საჭირბოროტო საკითხზე უნდა ესაუბრა – იმ ერთ-ერთი ახალი არხის თავხედი ჟურნალისტის “ჯდომის მანერა” ხომ აუცილებლად უნდა განიხილო!

ასე დაიბრუნა რადიოს ჟურნალიტმა მისთვის კუთვნილი მიკროფონის ადგილი და სკამიც, რომლებიც უტიფარმა ახალბედა ჟურნალისტებმა წაართვეს. ბონუსად მან სიჩუმე და თავის დახრა მიიღო, ჟურნალისტების სიჩუმე.

ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა, ფქვილი აქა.

Categories: ჟურნალისტიკა, როგორ მუშაობენ ჟურნალისტები | Tags: , , , , | 2 Comments

სოციალური მედიის მნიშვნელობა და ა.შ. :)

როცა სოციალური მედიის მნიშვნელობაზე იწყებ საუბარს, შეუძლებელია არ გაგახსენდეს ეგვიპტის რევოლუციის მაგალითი, რომელსაც შემდგომ „სოციალური ქსელების რევოლუციაც“ კი უწოდეს.

სოციალურ მედიას რომ დიდი ძალა აქვს, ამაში ალბათ ცოტა ვინმე შემეწინააღმდეგება. მით უმეტეს მაშინ, როცა ამ ძალას საკმაოდ კარგად იყენებენ მავანნი პიარისა თუ ანტიპიარისთვის.

უკვე ბევრ პოლიტიკოსს აქვს საიტი, ბლოგი თუ უბრალოდ ფეისბუქ პეიჯი. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე აქტიურად ურიერთობს ფეისბუქის მომხმარებლებთან, რამაც ერთიორად გაზარდა მისი რეიტინგი.

სხვადასხვა სამინისტროს სხვადასხვა სახის პროექტი სპეციალურად ბლოგერებისთვის უკვე ტრადიციად იქცა. ყველა კმაყოფილია – ბლოგერებიც, რომლებისგანაც არაფერს ითხოვენ დასვენების თუ ექსკურსიის სანაცვლოდ და პროექტის ორგანიზატორებიც, რომლებიც ერთი ექსკურსიით მინიმუმ ათ გამოხმაურებას მიიღებენ იმაზე, თუ რა მაგარია კონკრეტული სამინისტრო და რა მაგარი პროექტი გააკეთა.

ქართველი ბლოგერებისგან ხშირად ისმის ფრაზა იმის შესახებ, რომ ბლოგერებს დიდი ძალა გვაქვს და ბევრი შეგვიძლია. კი, მართლაც შეგვიძლია – კონკრეტული ორგანიზაციის ფეისბუქ გვერდზე  მასობრივი პროტესტი, უმცირესობის უფლებების დაცვა უმრავლესობის უფლებების დარღვევის ხარჯზე და ა.შ. თუმცა ფაქტი ერთია – ძალიან ცოტაა სოციალურ მედიაში ორგანიზებული პროტესტი, რომელსაც თუნდაც მცირედი გამოხმაურება მოჰყვა. ამ მხრივ ალბათ ყველაზე ფართომასშტაბიანი გუდიაშვილის ბაღის რეკონსტრუქციის გაპროტესტება იყო.

გვაქვს ჩახუტების დღეები, გავაპროტესტეთ სატელევიზიო გადაცემები და რაც მთავარია, გავაპროტესტეთ ბაღებში თუ სკვერებში „კოცნის აკრძალვა“. გავაპროტესტეთ და თან როგორ! არადა, იდეას ვერ დაიწუნებდი, უბრალოდ, ვირტუალურად უფრო მაგრები ვართ, რეალურად კი მხოლოდ ერთმა წყვილმა გარისკა კოცნა საჯაროდ. მაგრამ ამ შემთხვევამ ალბათ აჩვენა, რომ სოციალურ ქსელში დაგეგმილი ღონისძიება საორჭოფოა. სწორედ მას მერე დაემატა „ივენთების“ უმრავლესობას მსგავსი შინაარსის ფრაზა „დაეთანხმეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოდიხართ“.

გუდიაშვილის სკვერის აქციები ერთგვარი გაფართხალება იყო და არც თუ უშედეგო, რადგან აქცია შედგა და ამაზე ხალხი ალაპარაკდა. თუმცა სხვა საქმეა, რატომ მიდიოდა იქ ხალხი – გასართობად თუ სკვერის გადარჩენისთვის.

ზოგადად, ძლიერი შეიძლება იყოს ხელისუფლება, ოპოზიცია, სამოქალაქო საზოგადოება და სოციალური მედიაც. თუმცა ამერიკის სამოქალაქო საზოგადოების სიძლიერე სულაც არ გულისხმობს რომ საქართველოშიც ძლიერია სამოქალაქო საზოგადოება. ანალოგიურადაა სოციალური მედიის შემთხვევაშიც. თუ ეგვიპტეში სოციალურმა ქსელებმა მოახდინა რევოლუცია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველოშიც გვაქვს ამის ძალა.

კონკრეტული ღონისძიებისთვის პირველ რიგში საჭიროა სურვილი. და როცა გვგონია, რომ ბლოგერებს დიდი ძალა გვაქვს, ეს ძალა ოპოზიციური ფრაზებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს.

ახალ მედიას, ბევრ სხვა დადებითთან ერთად, აქვს ის თვისებაც, რომ სხვა მედია საშუალებებთან შედარებით, სწრაფია და რაც მთავრია, მისი კონტროლის შესაძლებლობა ნაკლებია.

ხოდა, იმის ნაცვლად, რომ ომში შეშინებული პრეზიდენტის ვიდეო გავავრცელო ან საეკლესიაო შემოწირულობათა ყუთს პროტესტის ნიშნად პრეზერვატივით „გავუმასპინძლდე“, უკეთესია გავიდე გარეთ, გადავიღო უფლებადარღვევის თუ ძალადობის კონკრეტული ფაქტი და ბლოგზე განვათავსო. იქნებ შევძლო ერთი ადამიანის ცხოვრება მაინც შევცვალო დადებითისკენ.

პ.ს. პოსტის მერე შესაძლოა გაჩნდეს ფრაზები შინაარსით – „შენ რას აკეთებ, სხვას რომ საყვედურობ?“.

1. არავის ვსაყვედურობ;

2. მე ისედაც ვიცი რომ არაფერს ვაკეთებ. თუმცა სურვილი მაქვს გავაკეთო და მთავარი ხომ მონდომებაა ;)

Categories: "საშინაო დავალება" :) | Tags: , , , , , | Leave a comment

Blog at WordPress.com. The Adventure Journal Theme.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

Join 118 other followers