Monthly Archives: January 2014

დღეს შობაა და არ მინდა განწყობა გაუფუჭდეთ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს დღესასწაული ძალიან მნიშვნელოვანია.

მაგრამ ეს უნდა ითქვას:

ადამიანს, რომელიც ერის წინამძღოლად მოიაზრება, უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს და აცნობიერებდეს, რამხელა გავლენა აქვს მოსახლეობაზე მის სიტყვებს. ქალების უფლებებს ისე კარგად ვიცავთ რომ კაცებს კიდევ წაქეზება სჭირდებათ? იცის ვინმემ რა ხდება კონკრეტულ ოჯახებში? ეს კაცი კი გამოდის და მოგვიწოდებს, რომ ქალი “ღვთის მცნებების გათვალისწინებით უნდა დაემორჩილოს ქმარს, თუნდაც, რომ ერთი შეხედვით ამის განხორციელება შეუძლებელი იყოს”. მივმართავ იმ ადამიანებს, ვინც ჩემს ამ პოსტზე ბრაზდება – დაფიქრდით იმ ქალებზე, რომლებზეც ძალადობენ.

და კიდევ: გყავთ ნაცნობი, ვისაც შვილი არ უჩნდება? იცით თუ არა რამხელა მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის შვილს? როცა ამ მისთვის პატრიარქის თითოეული სიტყვა მნიშვნელოვანია და ეუბნებიან, რომ სუროგატი დედის მიერ გაჩენილი შვილი უსიყვარულობისთვისა და მარტოობისთვისაა გაწირული. რა ქნას იმ ოჯახმა, ვისაც ასეთი შვილი ჰყავს და ამ ბავშვმა რა ქნას? რატომ ვერ იქნება ეს ოჯახი ბედნიერი, რატომაა ბავშვი უსიყვარულობისთვის, მარტოობისთვის და მიუსაფრობისთვის განწირული? მითხარით ვინმემ რა… დამისაბუთეთ ოღონდ.

მე არ ვარ ჩასაფრებული და ყველაფერს არ ვაკრიტიკებ, არც ის მომწონს, როცა რწმენა ხდება საქილიკო და დასაცინი. ამაზე დავწერე კიდეც. რწმენა სხვაა, ახლა მაგაზე არ ვლაპარაკობ.

რაც შეეხება უმცირესობებს, ეპისტოლედან გამომდინარე, უკვე შეიძლება წარმოვიდგინოტ რა გველის მომავალ 17 მაისს და რა გველის განსხვავებული აზრის გამოხატვისას. ეპისტოლეს მიხედვით, ერთსქესიანი წყვილებისათვის ბავშვის შვილად აყვანის უფლების მინიჭება “ქორწინების მთელ აზრს აუკუღმართებს და ბავშვსაც, ფაქტიურად, ნივთად აქცევს, რომლის ფლობაც ყველას შეუძლია”. მე კიდევ ვფიქრობ, რომ ბავშვი და ზოგადად ადამიანი ამ ეპისტოლემ აქცია ნივთად.

შობას გილოცავთ, დაესწარით მრავალს და ეცადეთ რელიგიის შეხედულებები გაიზიაროთ, ეს უფრო მნიშვნელოვანია.

პ.ს. ბოდიში მათ, ვისთვისაც ეს პოსტი შეურაცხმყოფელია (არ ვიცი რატომ, მაგრამ შეიძლება ასე ჩათვალონ). მაგრამ ვთვლი, რომ ეს ეპისტოლე არ არის უბრალო მოვლენა და მას შესაბამისი შეფასება უნდა მიეცეს, მათ შორის რიგითი მოქალაქეების მხრიდანაც.

Categories: Uncategorized | Tags: , , , , , , | Leave a comment

აზრი

Image

ადამიანების დიდი ნაწილი, მიუხედავად მათი ლიბერალური თუ ჰომოფობიური შეხედულებებისა, კარგი თუ ცუდი განათლებისა, განსხვავებულ აზრს ვერ ეგუება.

არ მიკვირს რომ ჰომოფობისთვის, ქსეონოფობისთვის და ა.შ. რელიგია, ეროვნება, სექსუალური ორიენტაცია გადამწყვეტი ფაქტორია რაღაცებში. მაგრამ მიკვირს, როცა ადამიანი თითქოს ლიბერალურ შეხედულელებს იზიარებს, ამ დროს კი ყველაფერი რელიგიური, თუნდაც ეროვნული, ეზიზღება. მიკვირს, რადგან ლიბერალიზმი მხოლოდ ერთის უფლებების აღიარებას და სხვების უგულებელყოფას არ გულისხმობს.

არა, მე არ ვარ დიდი მორწმუნე და ეკლესიას იმაზე სკეპტიკურად ვუყურებ, ვიდრე ამ პოსტიდან შეიძლება ჩანდეს. ასევე, არ ვარ „ჭეშმარიტი ქართველი“, არც მე მომწონს ბევრი რამე და შევცვლიდი მათ, ამის საშუალება რომ მქონდეს. (პრინციპში, მინიმალურად ვცვლი კიდეც – ვცვლი უკულტურობას, უპასუხისმგებლობას და კანონის უპატივცემულობას თუნდაც იმით, რომ ავტობუსში ბილეთს ვიღებ, შუქნიშანს ველოდები, მიწისქვეშა გადასასვლელით ვსარგებლობ და ა.შ. თუმცა ეს ძალიან მცირედია…).

მაგრამ ის, რომ მე ნაკლებად რელიგიური ვარ, არ უნდა იყოს უფრო მეტად რელიგიურ ადამიანებზე თუნდაც ფსიქოლოგიური ზეწოლის საფუძველი. იმის გამო, რომ ბევრი მღვდელი კაცმა არ იცის რას აკეთებს, ზოგადად რელიგიაზე და მორწმუნეებზე რატომ უნდა ვიქილიკო არ მესმის (ოღონდ აქ მცირედი ჩაზუსტება – ერთია მორწმუნე და მეორეა ადამიანი, რომლისთვისაც რელიგია ყველაფერია, რელიგიის გარდა. სასაცილოა (სატირალი რომ არ იყოს) სექსი მოძღვარის ნებართვით, მაგრამ არაა სასაცილო ღმერთის გჯეროდეს და გწამდეს).

ლიბერალი ხარ მხოლოდ უმცირესობების უფლებებს თუ აღიარებ და უმრავლესობას „ჩაგრავ“? ჩვენთან ძალიან ცუდი მდგომარეობაა უმცირესობების კუთხით, მაგრამ ეს ხომ არ ნიშნავს იმას, რომ მე, ჩვეულებრივმა მოქალაქემ, უმრავლესობის წარმომადგენლების ინტერესები უნდა შევლახო? მაშინ რით განვსხვავდები ჩვეულებრივი ჰომოფობისგან, ქსენოფობისგან და ა.შ.? იმათაც ადამიანების ერთი კონკრეტული ჯგუფი არ მოსწონთ, თორემ დანარჩენის სიყვარულზე იფიცებიან.

რომელ ლიბერალობაზე მელაპარაკები, როცა ადამიანს იმის გამო დასცინი, რომ ღმერთის სწამს ან არ სწამს? მე მითხრეს ერთხელ – რანაირი ქრისტიანი ხარ, ეკლესიაშიც არ დადიხარო. მიუხედავად იმისა, რომ რწმენა ჩემთვის არ არის სენსიტიური თემა, მაინც მეწყინა. მეწყინა იმიტომ, რომ ეს ჩემი პირადია და არავის საქმე არაა. ხოდა, ლიბერალობაზე სანამ დავდებთ თავს, იქნებ გავაცნობიეროთ რომ ადამიანს აქვს პირადი ცხოვრება და თვითონ მიხედავს, მას აქვს ამის უფლება.

ამ ქვეყანაში ცოტას  მაინც მოეკითხება ჭკუა რაღაცებზე და საწყენია, როცა ეს ნაწილიც ვერ ეგუება განსხვავებულ აზრს.

ეს ჩემი აზრია, შეიძლება ვიღაცისგან განსხვავებული, ეს პოსტი კი ჩემი ამ აზრის მართებულობის ერთგვარი ტესტი.

P.S. ეს პოსტი არანაირ კავშირში არ არის მამა გაბრიელის საფლავის გარშემო ატეხილ ამბავთან და არ ეძღვნება ამ თემას, უბრალოდ დაემთხვა.

Categories: აზრი | Tags: , , , , , , , , , | 1 Comment

Blog at WordPress.com.