Posts Tagged With: სუროგატი

დღეს შობაა და არ მინდა განწყობა გაუფუჭდეთ იმ ადამიანებს, ვისთვისაც ეს დღესასწაული ძალიან მნიშვნელოვანია.

მაგრამ ეს უნდა ითქვას:

ადამიანს, რომელიც ერის წინამძღოლად მოიაზრება, უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა ჰქონდეს და აცნობიერებდეს, რამხელა გავლენა აქვს მოსახლეობაზე მის სიტყვებს. ქალების უფლებებს ისე კარგად ვიცავთ რომ კაცებს კიდევ წაქეზება სჭირდებათ? იცის ვინმემ რა ხდება კონკრეტულ ოჯახებში? ეს კაცი კი გამოდის და მოგვიწოდებს, რომ ქალი “ღვთის მცნებების გათვალისწინებით უნდა დაემორჩილოს ქმარს, თუნდაც, რომ ერთი შეხედვით ამის განხორციელება შეუძლებელი იყოს”. მივმართავ იმ ადამიანებს, ვინც ჩემს ამ პოსტზე ბრაზდება – დაფიქრდით იმ ქალებზე, რომლებზეც ძალადობენ.

და კიდევ: გყავთ ნაცნობი, ვისაც შვილი არ უჩნდება? იცით თუ არა რამხელა მნიშვნელობა აქვს ადამიანისთვის შვილს? როცა ამ მისთვის პატრიარქის თითოეული სიტყვა მნიშვნელოვანია და ეუბნებიან, რომ სუროგატი დედის მიერ გაჩენილი შვილი უსიყვარულობისთვისა და მარტოობისთვისაა გაწირული. რა ქნას იმ ოჯახმა, ვისაც ასეთი შვილი ჰყავს და ამ ბავშვმა რა ქნას? რატომ ვერ იქნება ეს ოჯახი ბედნიერი, რატომაა ბავშვი უსიყვარულობისთვის, მარტოობისთვის და მიუსაფრობისთვის განწირული? მითხარით ვინმემ რა… დამისაბუთეთ ოღონდ.

მე არ ვარ ჩასაფრებული და ყველაფერს არ ვაკრიტიკებ, არც ის მომწონს, როცა რწმენა ხდება საქილიკო და დასაცინი. ამაზე დავწერე კიდეც. რწმენა სხვაა, ახლა მაგაზე არ ვლაპარაკობ.

რაც შეეხება უმცირესობებს, ეპისტოლედან გამომდინარე, უკვე შეიძლება წარმოვიდგინოტ რა გველის მომავალ 17 მაისს და რა გველის განსხვავებული აზრის გამოხატვისას. ეპისტოლეს მიხედვით, ერთსქესიანი წყვილებისათვის ბავშვის შვილად აყვანის უფლების მინიჭება “ქორწინების მთელ აზრს აუკუღმართებს და ბავშვსაც, ფაქტიურად, ნივთად აქცევს, რომლის ფლობაც ყველას შეუძლია”. მე კიდევ ვფიქრობ, რომ ბავშვი და ზოგადად ადამიანი ამ ეპისტოლემ აქცია ნივთად.

შობას გილოცავთ, დაესწარით მრავალს და ეცადეთ რელიგიის შეხედულებები გაიზიაროთ, ეს უფრო მნიშვნელოვანია.

პ.ს. ბოდიში მათ, ვისთვისაც ეს პოსტი შეურაცხმყოფელია (არ ვიცი რატომ, მაგრამ შეიძლება ასე ჩათვალონ). მაგრამ ვთვლი, რომ ეს ეპისტოლე არ არის უბრალო მოვლენა და მას შესაბამისი შეფასება უნდა მიეცეს, მათ შორის რიგითი მოქალაქეების მხრიდანაც.

Categories: Uncategorized | Tags: , , , , , , | Leave a comment

Blog at WordPress.com.